REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

საჭიროა კომუნიკაციის გააქტიურება აშშ-სთან და ნდობის რეაბილიტაცია - ლაშა პატარაია

ავტორი:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
20 Jul. 2020

ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც პარტიის წევრი უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია აცხადებს, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ამგვარად განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკას.

"ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 %-ით გაყინვის შესახებ, კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი გადაწყვეტლების მიღება და იმ მოტივით, რომ ქვეყანას აქვს პრობლემები დემოკრატიასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი პოლიტიკური აქტი, რომელიც დიდ პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის გადამწყვეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ ინიციატივით ერთიანად დადგა საფრთხის წინაშე ქვეყნის პოზიციონირება, ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა.

ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან კარგად არ არის გაცნობიერებული ამ პარტნიორობის მნიშვნელობა, რაზეც მეტყველებს ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში, გამოხატული ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ვერ იხილავდა შუქს. ეს ფაქტი აქამდე არსებული განცხადებებისგან სწორედაც იმით განსხვავდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე დარეგისტრირდა კონგრესში.

ახლა როგორც არასდროს საჭიროა კომუნიკაციის გააქტიურება ამერიკასთან, რომ დავარწმუნოთ სტრატეგიული პარტნიორები, იმ სამი დაპირების შესრულებაზე, რაც უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ წყაროებში. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და ბიზნეს-სამართლებრივი სივრცისა და შესაბამისი პროცესების რეგულაცია უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში. გარანტია, რომ ინვესტიციების შემოდინებას და მათ შემდგომ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება.

მომავალი ფისკალური წლის დაგეგმვისას საგარეო მხარდაჭრის განსაზღვრა მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს პანდემიის შემდგომი კიდევ უფრო მძაფრი ეკონომიკური სირთულეების პირობებში. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნებიც კი საგარეო ურთიერთობების ფორმატში ითვალისწინებენ ამერიკის პოზიციას. უფრო მეტიც ხშირად ამერიკის პოზიცია არის ერთგვარი განმსაზღვრელი, რაზეც წამყვანი სახელმწიფოები ახდენენ სწორებას" - აცხადებს პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია

წყარო: https://www.newposts.ge/