REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

გიორგი ავაზაშვილი, "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის ოლქში

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:

ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის პარტია "რეფორმერის" წევრი, 35 წლის გიორგი ავაზაშვილი. ის პროფესიით იურისტია, საჯარო და კერძო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ვენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო სამართლის განხრით.

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ გახდით პარტია "რეფორმერის" წევრი?

_ 15 წელზე მეტია, როგორც იურისტი, აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში. ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდულ ასოციაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტად. წლების განმავლობაში ვიყავი გაეროს განვითარების პროგრამაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის იურისტ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ვმუშაობდი საკანონმდებლო აქტებზე. ვმართავდი იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიას. ვიყავი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის იურისტ ექსპერტი, პროექტების და ლოჯისტიკის მენეჯერი. ასევე მაქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება კულტურის და ენერგეტიკის სამინისტროებში.

არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროს დავინახე პრობლემები ბევრ სფეროში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. საქართველოში გატარდა თვითმმართველობის რეფორმები, მაგრამ ვერ მივიღეთ რეალური შედეგი. საჭიროა ამ კუთხით გადაიდგას მკვეთრი ნაბიჯები, რაც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება აქტიურად ჩავრთულიყავი პროცესებში, რომლის მიზანიცაა არსებული რეალობის შეცვლა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" არის ძალა, რომლის მეშვეობითაც მეძლევა საშუალება გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და შევიტანო ჩემი წვლილი არსებული გარემოს შეცვლასა და ქვეყნის განვითარების პროცესში. "რეფორმერის" წევრი გავხდი. როდესაც ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ ახალგაზრდული მოძრაობის პლატფორმა იყო. ჩვენ ვახორციელებდით სხვადასხვა პროექტებს ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მხარდამჭერების თხოვნით მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეფუძნებინა პარტია. თუ გაწუხებს შენი ქვეყნის პრობლემები, რეალურად უნდა იყო ჩართული მისი გადაწყვეტის პროცესში, უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და შეხვიდე პოლიტიკურ ბრძოლაში.

_ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ მარათონში ჩართვა ისნის საარჩევნო ოლქში და რა ინიციატივების განხორციელებას აპირებთ ისანში?

_ დიდი ხანია ამ რაიონში ვცხოვრობ, ვიცი, რა აწუხებს ისნის მოსახლეობას. ჩვენს რაიონში მწვავედ დგას როგორც ინფრასტრუქტურული პრობლემები, ასევე ყველა ის პრობლემა, რაც არის მთელ საქართველოში - გაჭირვება, უმუშევრობა. ისნის რაიონში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, არის უფასო სასადილოები, სადაც დღის განმავლობაში არა მხოლოდ ხანდაზმულების, ახალგაზრდების რიგიც დგას.

ისნის რაიონში ბევრი ავარიული სახლია. ადამიანები ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს. მოსახლეობამ არ იცის რა უნდა გააკეთოს, ვის მიმართოს. აქვთ გზების პრობლემა, უამრავი ქუჩაა, სადაც მანქანით ვერ გაივლით, ხალხს აქვს წყალმომარაგების პრობლემა, არის დასახლებები, სადაც წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ. ეს თვითმმართველობის მოსაგვარებელი საკითხებია, მაგრამ პარლამენტარს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ამ საკითხების ლობირება და ადამიანებისთვის პრობლემების გადაჭრა.

ჩვენი ხედვით, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს ხალხის ჩართულობით. საკითხების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრის გათვალისწინება და მათი მონაწილეობა. გამოყენებული უნდა იქნას ყველა ის მექანიზმი, რის საშუალებასაც გვაძლევს კანონმდებლობა. მთავარია იყოს ნება და ეს პრობლემები მოგვარებადია. მაგალითად მოვიყვან საკუთარ ისტორიას. მე როგორც შშმ პირს, მქონდა შეხება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომელიც არის ტიპიური 90-იანი წლების გადმონაშთი სისტემა. მაშინ როცა ყველა უწყების მუშაობა შესაძლებელია ონლაინ, საათნახევარი მომიწია რიგში დგომა ერთი საბუთის ასაღებად, რომ შშმ პირი ვარ. სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის ფუნქცია შშმ პირების მომსახურებაა, არ არის ადაპტირებული, უკვე გასაგებია, როგორც მუშაობს ეს სისტემა.

პარტია "რეფორმერისთვის" უმნიშვნელოვანესია რეფორმების გატარება. რეფორმები უნდა დავიწყოთ ყველა სფეროში, ეს ეხება განათლებას, ჯანდაცვას, რეგიონალურ მოწყობას. საჭიროა მმართველობის სისტემის შეცვლა, ჩვენი მიზანია დავნერგოთ ჰოლაკრატია - მმართველობის ახალი, თანამედროვე მოდელი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რომელიც მოიცავს სიღრმისეულ რეფორმებს ყველა მიმართულებით.\

მიმართულებით.წყარო: https://www.newposts.ge/