REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
პანდემიით დაზარალებულ ტურიზმის სექტორს შველა სჭირდება
პარტია რეფორმერი მთავრობას ტურიზმის სექტორში მკაცრი რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებს და სექტორის გადასარჩენად, საზღვრების სასწრაფოდ გახსნას ითხოვს.
როგორც პარტია რეფორმერის მცხეთა-თიანეთი-დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბაჩო ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ რეალურად ვერ უზრუნველყო კორონაპანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ტურიზმის სექტორს საბოლოო ჩამოშლისგან გადაარჩენს.
"კორონაპენდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება ყველაზე მეტად დაზარალდა. ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში დასაქმებული იყო ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, ისინი დღეს არიან უმუშევრები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ მათი ოჯახები", — აცხადებს ბუჩუკური.
მისივე თქმით, სახელმწიფომ რეალურად ვერ უზრუნველყო კორონაპანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება, რის შედეგადაც, ბევრი კომპანიაა გაჩერებული, ბევრი კი საერთოდ გაკოტრდა.
ბაჩო ბუჩუკურის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეგულაციებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ტურიზმის პრობლემები და დაკეტილი საჰაერო სივრცე, ჯანადაცვის სამინისტროს მკაცრი რეგულაციები და საკარანტინო სისტემა, ბუნდოვანს ხდის ტურიზმის მომავალს საქართველოში. როგორც ბუჩუკური ამბობს, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები.
"როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, კორონავირუსი არსად წასვლას აპირებს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. შესაბამისად, საზღვრის დაკეტვა და ტურიზმის საბოლოო გაჩერება გამოსავალი არ არის. სახელმწიფომ უნდა გახსნას საზღვარი, რეგულაციების კონტროლით შესაძლებლობა მივცეთ ტურისტულ სააგენტოებს, შემოიყვანონ ტურისტები, მათვე უზრუნველყონ კონტროლის მექანიზმების დაცვა. ეს გადაგვარჩენს სექტორის საბოლოოდ ჩამოშლისგან და უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო გაჩნდება.
ასევე გამოვდივართ ინიციატივით, ეს პერიოდი გამოყენებულ იქნეს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ამ სფეროში ჩართული ადამიანების გადამზადებისთვის, რომ სერვისის სფერო აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს", — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი-დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, ბაჩო ბუჩუკური.
წყარო: https://on.ge/