REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
პარტია რეფორმერი სესხების გადავადებას ითხოვს
პარტია რეფორმერი ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც რეფორმერში აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული სოციალური ფონი, ეროვნული ვალუტის კურსი, ინფლაციური პროცესები და მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა გააგრძელოს 2020 წლის ბოლომდე.
"ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეფორმერი გამოდის ინიციატივით, კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების სამთვიანი გადავადება. გადავადება შეეხოს იმ მოქალაქეებს და ბიზნესს, რომლებიც დაზარალდნენ კორონაპანდემიის შედეგად, დაკარგეს სამსახური და შეუმცირდათ შემოსავალი. მათ ამ პირობებში სასესხო ვალდებულებების დაფარვა მძიმე ტვირთად დააწვებათ", — აცხადებს მაია კუკავა, პარტია რეფორმერის წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
როგორც რეფორმერში აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაატაროს ღონისძიებები ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ არ დაზარალდეს საბანკო სექტორი და კერძო ბიზნესის ინტერესები.
რეფორმერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა გაგრძელდეს 2020 წლის ბოლომდე და შეეხოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არიან ინდენტიფიცირებული, როგორც დაზარალებული პირები.
"დამატებითი საშეღავათო პერიოდით უნდა ისარგებლონ როგორც ფიზიკურმა, ასევე იურდიულმა პირებმა. გადავადება უნდა შეეხოს როგორც სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს, ასევე ავტოსესხებს, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს და სტანდარტულ ბიზნეს სესხებს. სესხების საშეღავათო პირობებით უნდა ისარგებლოს ყველა იმ ბიზნეს-ოპერატორმა, რომელმაც ამ თვეებში განიცადა დიდი ზარალი და ვერც უახლოეს მომავალში შეძლებენ სესხებზე შენატანების განხორციელებას", —აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი მაია კუკავა.
წყარო: https://on.ge/