REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

პარტია „რეფორმერი“ ლუდომანიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო

პარტია „რეფორმერმა“ და სამოქალაქო მოძრაობამ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „რეფორმერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას ლუდომანიის წინააღმდეგ და ახალ ინიციატივებს სათამაშო ბიზნესში რეგულაციების გამკაცრების მიზნით.

მემორანდუმს ხელი პარტია „რეფორმერის“ გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ და ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ მოაწერეს.

,,დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი სამოქალაქო მოძრაობასთან. ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წლებია იბრძვის ლუდომანიის წინააღმდეგ. ჩვენი ვალია ყველამ ხმა ავიმაღლოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც შეეხო ძალიან ბევრ ოჯახს. ეს არის გლობალური პრობლემა, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მძიმე სოციალური ფონია. ამ ფონზე ლუდომანიამ სავალალო შედეგები მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს, უამრავ ოჯახს. მეტი სოციალური პასუხისმგებლობა - ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ,“ - განაცხადა პარტია „რეფორმერის“ გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ.

ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, ,,რაც უფრო მეტი პარტია და ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში, მით უფრო მყისიერი იქნება სახელმწიფოს ნაბიჯები ამ მიმართულებით.“

,,ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პარტია „რეფორმერთან“, ეს არის ახალგაზრდა ლიდერების პარტია, რომელიც ორიენტირებულია დამკვიდრდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი და შეიქმნას მდგრადი, განვითარებადი გარემო. რაც უფრო მეტი პარტია და ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში, მით უფრო მყისიერი იქნება სახელმწიფოს ნაბიჯები ამ მიმართულებით. აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივების ხელახლა მომზადება, დარწმუნებული ვარ „რეფორმერის“ დახმარებით ამ ინიციატივებზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე მოხდება.

ჩვენს ორგანიზაციას უკვე ჰყავს წარმომადგენლობა იტალიაში. ლუდომანია იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი დედებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენს საქმიანობას იტალიაში უხელმძღვანელებს ქართველი ემიგრანტი ინგა გვანცელაძე. მისი მეშვეობით ჩვენ უკვე დავუკავშირდით იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, ლუდომანიის პრევენციის ცენტრს. უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება ეფექტური და ლუდომანიას ერთხელ და საბოლოოდ დავამარცხებთ,“ - განაცხდა თამარ ჯაფარიძემ.

წყარო: www.interpressnews.ge