REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს პედოფილიის საფრთხე - ლაშა პატარაია
ინტერვიუ პარტია "რეფორმერის" წევრთან, უსაფრთხოების ექსპერტთან ლაშა პატარაიასთან.
ლაშა პატარაია: ტექნოლოგიურმა პროგრესმა უამრავი კომფორტი მოგვიტანა. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად, ვესაუბროთ ადამიანებს ასეული კილომეტრების დაშორებით, მივიღოთ განათლება დისტანციურად, ვაკეთოთ ბიზნესი, უმოკლეს დროში მოვიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ყველა ეს სარგებელი, რომელიც ხშირად უფასოდ და ლამაზი შეფუთვით მოგვეწოდება, სრულიადაც არ არის უფასო. მათ კონკრეტული ფასი აქვთ და ეს ფასი არის საფრთხეები, რომლებიც ყველა ფრონტზე გვაქვს და განსაკუთრებით კი იქ, სადაც ყველაზე მოწყვლადები არასრულწლოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც კომპიუტერი, სმარტფონი და ინტერნეტი შესაძლებლობებთან ერთად ფანჯარას უამრავი ცდუნებისა და საფრთხის სამყაროში უხსნის.
_ რა საფრთხეებია ყველაზე აქტუალური ინტერნეტსივრცეში მოზარდებისთვის?
_ არასრულწლოვნების უსაფრთხოება ინტერნეტ სივრცეში, სწორედ ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ჩემთვის. თავადაც მამა ვარ, ცოტა პარანოიკიც (იცინის) და ზუსტად ვიცი რა მინდა ჩემი შვილისთვის. ინტერნეტი შლის საზღვრებს როგორც შესაძლებლობების მხრივ, ისე საფრთხეების ნაწილში. ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღი, აზარტული თამაშები, ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომლებსაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიყავთ და პედოფილია. გლობალურადაც და ასევე საქართველოში, ინტერნეტი არის თავშესაფარი უამრავი ფსიქოპატისა და კრიმინალის. ყველა ქალაქს აქვს ასეთი ადგილები, სადაც ნარკოტიკების მომხმარებლების და პროსტიტუციის ჰაბია. წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი ბავშვი, რომ მოხვდეს იქ თქვენი ყურადღების გარეშე, მაშინ როცა ფიქრობთ, რომ ის პარკში ან სკვერში თამაშობს თანატოლებთან ერთად. დაახლოებით იგივე შეიძლება მოხდეს კიბერ სივრცეშიც. ეს უკონტროლო სივრცეა და ის, რომ საქართველოში თითქმის არ გვაქვს პრევენციული მექანიზმები დანერგილი სახელმწიფო დონეზე, ამ სივრცეში მოქმედებას კიდევ უფრო მეტი მიმზიდველობა და ანონიმურობა გააჩნია.
თქვენ ბავშვს შეიძლება გაეცნოს ადამიანი თანატოლის სახელით, ყალბი სოციალური პროფილით, გამოიწვიოს საუბარში, შთააგონოს გარკვეული სურვილები, გაუზიაროს პორნოგრაფიული მასალები და განაწყოს მისთვის სასურველი განვითარებისთვის. ასეთი რამ ძალიან ხშირია სხვა ქვეყნებში, იგივე აშშ-ს მაგალითზე, ხშირად ამბობენ პროპაგანდისტული ნარატივით, რომ გარყვნილებისა და პედოფილიის სიჭარბეა, თუმცა ეს ასე არ არის, მათი სისტემა უბრალოდ აწყობილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ასეთი შემთხვევებიც უფრო ხშირად ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის ხვედრითი წილით შედარებისას, საქართველოში ბევრად მეტიც კი იყოს ასეთი ფაქტი. ჩვენ უბრალოდ ხშირად არ გვაქვს ობიექტური სტატისიკა, სამართალდამცავებს არ აქვთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან. არც სკოლებში ექცევა ამ საკითხებს ყურადღება, არც სახელმწიფო ინსტიტუციები დგამენ ქმედით ნაბიჯებს და არც კრიმინალის პრევენცია ხდება ადეკვატურად. ამ გარემოში გაჩნდა უპრეცენდენტო შეგრძნება დაუცველობის, დაუსჯელობის, უიმედობისა და უპერსპექტივობის მოსახლეობის თითქმის ყველა სეგმენტში.
- რატომ გახდით პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრი და როგორია პარტიის ხედვა უსაფრთხოების საკითხებზე?
_ ათ წელზე მეტია საქართველოში ვსტრესავ კიბერ უსაფრთხოების საკითხებს ყველა კონტექსტში, დაწყებული ერონული უსაფრთხოებით, დასრულებული კიბერ კრიმინალით. დავაფუძნე რეგიონში პირველი კიბერ უსაფრთხოების აკადემია, დავწერე საქართველოში პირველი წიგნი კიბერ კრიმინალზე, შევიმუშავე და ჩავატარე უამრავი ტრენინგი, ჩემი ორგანიზაციის, CASE-ის საშალებით უამრავი მასალა პროექტი განვახორციელე და მოვახერხე საქართველოში კიბერ უსაფრთხოების, როგორც სფეროს დამკვიდრება. ყველა ამ ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყნის ყველა სტრატეგიული მიმართულებით მუშაობისას, მიუხედავად უამრავი ალტრუისტული, პატრიოტული მოტივით წარდგენილი პროექტები უბრალოდ უგულვებელყოფილი რჩებოდა. საბოლოოდ, პარტია "რეფორმერშიც" სწორედ ამ მოტივით მოვხვდი. დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა აკეთო შენს სფეროში და რა პოზიციიდანაც არ უნდა სცადო ქვეყნის ამა თუ იმ მიმართულების განვითარება, ბოლოს უბრალოდ აწყდები პოლიტიკური ნების ჩიხს ან არაკომპეტენტურობას, რომელიც გამოწვეულია ისევ არასწორი პოლიტიკით და ასეთ დროს, შენც ამ ფრონტზე უნდა ოპერირებდე, რომ შეძლო შეცვალო.
პარტია "რეფორმერში" ვმუშაობთ ჰოლაკრატიის პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ არ ვაცალკევებთ სტრატეგიულ სფეროებს ერთმანეთისგან, როდესაც პროექტებსა და თუ იგივე საარჩევნო პროგრამას ვამუშავებთ. უსაფრთხოების ნაწილში ჩემ მიერ შემუშავებული სტრატეგია, თანაკვეთაშია ჩემი კოლეგების მიერ მომზადებულ განათლების პროგრამასთან და ასეა ყველა სფეროში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული, ჰოლისტიკური მიდგომა კრიმინალის პრევენციასთან დაკავშირებით. აქაც ყურადღებას ვამახვილებ თუნდაც იმაზე, რა სიტყვების ფორმულირებით აღვწერთ პრობლემას. მაშინ როცა ყველა საუბრობს კრიმინალთან ბრძოლაზე, ჩვენ ვმუშაობთ კრიმინალის პრევენციაზე. არ შეიძლება მუდმივად რეაქციულ რეჟიმში იყოს ქვეყანა ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს აღებული საუკეთესო პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება, ფუნდამენტური ცოდნა და პროექტები, რომლებიც განხორციელებადი და რეალისტურია საქართველოს პირობებში. სწორედ მათი დანერგვით ჩვენ არამარტო პედოფილიას და ტრეფიკინგს აღვკვეთავთ, არამედ მოვახდენთ კრიმინალის პრევენციას ყველა მიმართულებით და თანაც ისე, რომ პარალელური პროცესები, მაგალითად განათლებისა თუ ეკონომიკის მიმართულებით შეავსებს არსებულ სიცარიელეებს. ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო გარემოს, სადაც საზოგადოებას ექნება პოზიტიურად რეალიზების საშუალებები, სადაც ადამიანებს ექნებათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, სადაც სწავლა არ „ტეხავს“, სადაც განათლების სისტემა აღზრდის ეროვნული ღირებულებებით მოტივირებულ შემდგარ ახალგაზრდას.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქუჩაში ცხადად ჩანს კრიმინალი და სადაც ბევრად უფრო საშიში საფრთხეები ახლა უკვე სახლში გვაქვს. ადამიანები არც ქუჩაში არიან სათანადოდ დაცულნი და ახლა უკვე აღარც სახლში. დროა ეს დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა თუ უბრალო სამსახურებრივი გულგრილობა ჩანაცვლდეს მოტივაციითა და პროფესიონალიზმით. ამ ცვლილებას კი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ვერ შემოგვთავაზობენ. ახალ ეპოქაში, რომელიც უამრავ პერსპექტივასთან ერთად სავსეა ახალი საფრთხეებითა და გამოწვევებით საქართველოს ჭირდება პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალების გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ თავი მოუყარონ შესაბამის ადამიანებს ერთ ადგილას და კონკრეტული გადაწყვეტილებები დადონ ყველა მიმართულებით.
წყარო: http://newpost.ge