REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
რეფორმერის პროგრამა
„რეფორმერი“ არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც 2020 წლის ივლისში დაფუძნდა შესაბამისი კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და წარმატებით გაიარა რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტმა.
„რეფორმერის“ პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო პლატფორმის წევრების - რეფორმერების გამოცდილება საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბება მოხდა რეფორმერების საერთო გადაწყვეტილებით და ყრილობის საფუძველზე, რომელზეც შესაბამისი კანონის მოთხოვნების სრული გათვალისწინებით, ფაქტობრივად ერთხმად, მიღებულ იქნა პარტიის წესდება, აგრეთვე შეირჩა და კენჭი ეყარა პარტიის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების, აგრეთვე, გენერალური მდივნისა და სარევიზიო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. „რეფორმერი“, როგორც საზოგადოებრივი პლატფორმა ჩამოყალიბდა 2019 წლის მარტში და ერთნახევარი წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განახორციელა მოქალაქეების, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გასაძლიერებლად; მათთვის გამოყენებითი საგანმანათლებლო ბაზისის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც პროგრამების ბენეფიციარების 1/3-ზე მეტს საშუალება მისცა, რომ დასაქმებულიყვნენ და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდათ. 2020 წლის თებერვალში ჩატარდა საზოგადოებრივი მოძრაობა „რეფორმერის“ წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა საერთო შეკრება, რომელზეც შეჯამდა განხორციელებული პროექტების შედეგები და გაიმართა მსჯელობა სამომავლო გეგმებზე. საზოგადოების წევრთა შემდგომმა მუშაობამ კი ცხადყო, რომ დაგეგმილი პროექტების მეტად ეფექტურად და სწრაფად განსახორციელებლად, აგრეთვე, საჭირო საკანონმდებლო რეფორმების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო პოლიტიკური ნება. “რეფორმერისთვის” პოლიტიკა არის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია იმ აქტივობების უკეთ და უფრო ეფექტურად შესრულება, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვახორციელებდით.