REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

„რეფორმერი“ რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს ეხმაურება

პარტია „რეფორმერი“ რუსული სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო უწყებების სერვერებზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.

„რეფორმერის“ მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანი ჯაფარიძის განცხადებით, „რეფორმერი“ კიბერუსაფრთხოებას მიიჩნევს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად, რაც აისახა პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერთავდასხმების გამო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექვს ოფიცერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მათი განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებების და მედია ორგანიზაციების საიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმების კვალი სწორედ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამსახურამდე მიდის. ამერიკული მხარის განცხადებით, კიბერთავდასხმები მიზნად ისახავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

ანი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანა ჩართულია ჰიბრიდულ ომში რუსეთთან და ამ ომს ყველა პარამეტრით საქართველო აგებს, რეფორმერი ჯერ კიდევ თვეების წინ მოუწოდებდა შესაბამის სამსახურებს გაეთვალისწინებინათ კიბერშეტევების საფრთხეების მნიშვნელობა.

„ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში და ამ ომს ყველა პარამეტრით ვაგებთ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურების და კიბერთავდასხმებში მათი მონაწილეობის შესახებ. არ გამოვრიცხავდით, რომ ეს შეტევები კიდევ უფრო გააქტიურებულიყო საარჩევნო პერიოდში. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ეს შესაძლოა იყოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზნებიც იქნება, კიბერშეტევები საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერ ღონისძიებები, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ანი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „რეფორმერის“ პოლიტიკური პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა უწყებების აქტივაციას და კონსოლიდირებულ მუშაობას, რაც თავისთავად, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში ერთიანი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას, აღნიშნულ პროექტს შეუძლია კატალიზატორის როლი ითამაშოს და კიბერუსაფრთხოების საკითხის ირგვლივ ახალი ინიციატივები დააგენერიროს, აღსანიშნავია სახელმწიფო უწყებების ჩართულობაც და მათთვის განსაზღვრული როლები კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის.

„ჩვენი პროგრამით, კიბერუსაფრთხოების სფეროში შეიქმნება სრულფასოვანი ახალი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ბიუჯეტისა და ფონდების მოძიების შესახებ სტრატეგიის განსაზღვრას, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ოპტიმიზაციის საჭიროებას, კიბერკვლევითი ლაბორატორიის კვლევის საგნებზე პრიორიტეტების განსაზღვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის საკითხს, კიბერრეზერვის პროექტს და ახალი რესურსების განსაზღვრას“, - აცხადებს ანი ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „რეფორმერის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: www.interpressnews.ge