REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
თორნიკე ჯანაშვილი: დაწესებული შეზღუდვები ხელისუფლებამ, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს
პოლიტიკური პარტია რეფორმერის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება კანონქვემდებარე აქტებით გააგრძელოს შემზღუდავი რეგულაციები, ანტიკონსტიტუციურია. პარტია რეფორმერის ლიდერი უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
"შინაარსობრივად ეს მუხლი გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში იზღუდება შემდეგი უფლებები: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. ეს უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგალითად, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად განზოგადებული და ფართოა, რომ თითქმის უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის /საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების წესს კი მთავრობა განსაზღვრავს", — განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.
ადამიანის ძირითადი უფლებები დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს და მისი შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ზუსტად ამიტომაც საქართველოს კონსტიტუცია შეკრების, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა შეზღუდვას მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.
არავის დავობს ფაქტზე, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყანაში, განსაკუთრებით პანდემიის დროს. მაგრამ ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება მთავრობისთვის მნიშვნელოვნად აკნინებს პარლამენტის როლს და მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.
"საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობისთვის შემზღუდავი რეგულაციების მიღების უფლების მინიჭება საფუძველშივე მოდიოდა წინააღმდეგობაში როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ისეთ საერთაშორისო ნორმებთან, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის. ასეთი შინაარსის მუხლის მოქმედების ვადის გაგრძელება 2021 წლის 1 იანვრამდე შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი ფაქტორი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები", — აცხადებს ჯანაშვილი, — "პანდემია ან სხვა კრიტიკული მდგომარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამ შემზღუდავ ღონისძიებებს პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიების წარმოების ხელისშემშლელ ბერკეტად არ გამოიყენებს".
წყარო: https://on.ge/