REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

დამატებითი შეზღუდვები თუ ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:

პარტია "რეფორმერი" „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები. როგორც პარტიის წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი აცხადებს. ეს ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და შესაძლოა, მისი გამოყენება ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ გამოიყენოს.

გიორგი ავაზაშვილი: "2020 წლის 10 ივლისს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ უკვე მესამე წელია, „თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის“. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9% -ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი – 19 730 განაცხადი.

ცხადად ჩანს, რომ თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იზრდება. ამის დამადასტურებელია თუნდაც, 30 აგვისტოს ბრიტანულ გაზეთში „გარდიანი“ ფილიპ ოლტერმანის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხება გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობასა და სტატისტიკას. აღნიშნული სტატისტიკის , 2020 წლის მონაცემებით, საქართველო ნიგერიასა და სომალთან ერთად იმ ქვეყნების სამეულშია, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაკადის გადინებაა.

ამასთან, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში 2 სექტემბერს დამტკიცებული ცვლილებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და აშ.

გიორგი ავაზაშვილი : "ასეთი რეგულაციების მიღება პარლამენტის მიერ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ერთი შეხედვით ბუნებრივი ფაქტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება, ჩნდება კითხვა: ხომ არ მოდის ეს საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში?

ამასთან ასევე იქმნება ახალი ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჩაერიოს და ხელი შეუშალოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ან სხვა ნებისმიერ პირს (საქართველოს მოქალაქეს) გადაადგილდნენ შენგენის წევრ-ქვეყნებში."

როგორც პარტია "რეფორმერში" აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა იყოს უკან, საბჭოთა რეალობაში დაბრუნება. "იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი რეგულაციების გამოყენება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ და სახელისუფლებო წრეების მიერ არ იქნება გამოყენებული ბოროტად, წინაამდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უკან საბჭოთა რეალობაში დაბრუნება" აცხადებს "რეფორმერის" წევრი გიორგი ავაზაშვილი.

წყარო: https://www.newposts.ge/