REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე?

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
16 May 2020


რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე?

ეს არის კითხვა, რომელიც აბსოლუტურად თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის თავს უნდა დაუსვას.

რას ნიშნავს? მხოლოდ იმას, რომ ქართული პასპორტები გვაქვს? თუ ბევრად უფრო მეტს.

მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და მოდით დღეს შევეცადოთ და ყველამ ერთად გავცეთ პასუხი.

ჩვენ ვცხოვრობთ ულამაზესს ქვეყანაში, და როდესაც ვამბობ ულამაზესს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მართლაც რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბუნებას, პირველ რიგში მე ვსაუბრობ ადამიანებზე.

იმ ადამიანებზე, ვინც იციან მეგობრობა, თანადგომა, თანაგრძნობა, სიყვარული. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული კულტურა და ტრადიციები, განსაკუთრებული სიყვარულის უნარი თავიანთი ოჯახების მიმართ და განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა თავისი სამშობლოს მიმართ.

ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მაინც ახერხებენ წარმატების მიღწევას. ეს არის ქვეყანა სადაც ცხოვრობენ ახალგაზრდები, ზუსტად თქვენნაირი ახალგაზრდები, რომლებსაც ადარდებთ თავიანთი სამშობლო და ზრუნავენ მომავალზე. აქ ცხოვრობენ ჩვენი მშობლები, რომლებმაც გამოიარეს ურთულესი ცხოვრება, რომლებსაც პრაქტიკულად წაერთვათ ახალგაზრდობა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის ზრუნავდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. აქ ცხოვრობენ ჩვენი ბებია-ბაბუები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე მეტი სიყვარულით, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ და რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ ჩვენი წარმატება.

ჩვენ, მთელი საზოგადოება, არ ვიმსახურებთ იმ გარემოს, რომელიც შექმნილია დღეს საქართველოში.

ჩვენ არ ვიმსახურებთ ქვეყანას, სადაც უიმედობა, უპერსპექტივობა და უსამართლობაა. არ ვიმსახურებთ ქვეყანას, სადაც მეტი გასავალი აქვს ნეგატივს და დესტრუქციას,  ვიდრე პოზიტივს და აღმშენებლობას.

არ ვიმსახურებთ ქვეყანას, სადაც ბავშვს არ აქვს მომავლის იმედი, სადაც ახალგაზრდას არ აქვს პერსპექტივა, სადაც ადამიანს შელახული აქვს ღირსება.

ჩვენ, არ ვიმსახურებთ ისეთ ქვეყანას, როგორიც დღესაა.

ამ ყველაფერს ემატება ის ნეგატივი, რომელსაც ვისმენთ ყოველდღიურად. ჩვენ გვყოფენ და გვანაწევრებენ, გვართმევენ, გვაკარგინებენ ერთმანეთს. და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ბოლო. ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი.

მე, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან დაკავებული ვიყავი საბრძოლო ხელოვნებით, და ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას სჭირდება მოტივაცია, შრომა, თავდადება, შემართება, მოქმედება, მაგრამ ყველაზე საინტერესო გაკვეთილი, რომელიც დღემდე მომყვება, არის ის ფრაზა, რომელსაც ჩვენი მწვრთნელი იმეორებდა ყოველი შეჯიბრის წინ: “როდესაც შეძლებ შენი თავის დამარცხებას, მხოლოდ მაშინ ხარ გამარჯვებული.” ეს არის ის მოტივაცია, რომელიც დღემდე მაძლევს ძალას, გადავლახო ყველა გამოწვევა, დღემდე მაძლევს ძალას დავამარცხო შიში, სიზარმაცე, ნიჰილიზმი და ყოველდღიურად დავამარცხო ჩემი თავი, იმისათვის რომ რეალობად იქცეს ის, რისიც მჯერა და მე მჯერა განვითარებული საქართველოსი.

ჩვენ აუცილებელია, რომ ყველამ ერთად მოვინდომოთ, აუცილებელია გაერთიანება, გამორიცხულია წარმატების მიღწევა თუ ჩვენ ყველამ ერთად არ მოვინდომეთ, ამიტომ საჭიროა ყველას ჩართულობა, თითოეული მოქალაქის სურვილი და ერთობლივი მოქმედება, რომ რეალობად იქცეს ის რისიც გვჯერა და ჩვენ გვჯერა განვითარებული საქართველოსი. 

ეს იდეა ბევრად უფრო დიდია ვიდრე მე, ან თქვენ ცალკე აღებული. ამ იდეის განხორციელებას შევძლებთ მხოლოდ ჩვენ, ყველანი ერთად და სწორედ რომ ამ იდეას ემსახურება რეფორმერი.

მე მჯრა, რომ ჩვენ ყველას ერთად, ყველაფერი გამოგვივა, და მომავალი აუცილებლად იქნება ნათელი!!!

ავტორი: თორნიკე ჯანაშვილი