REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:

25 ივლისს სასტუმრო რუმსში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფორუმ-დისკუსია, რომლის მიზანიც COVID 19-ის ფონზე ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაა.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა მთელი მსოფლიო შეცვალა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ქალთა უფლებების მხრივ საქართველოში ბევრი პრობლემაა, რომელთა სიმწვავე განსაკუთრებით გამოჩნდა კორონაპანდემიის პერიოდში.

ფორუმში მონაწილებდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ლიბერალური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, და კერძო სექტორში დასაქმებული ქალები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ქალების ინტეგრაციაში ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტია რეფორმერის წევრები ანი ჯაფარიძე, მაია კუკავა, ელენე ბიბილეიშვილი, ნანა ბერულავა. რეფორმერის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ქალთა როლის გაძლიერება, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ქვეყნის განვითარების მიზნით.

როგორც პარტია რეფორმერის გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ განაცხადა, ძალიან დასაფასებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რაც ხელს უწყობს ქალების ინტეგრაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ყოველთვის გამოირჩევა პოლიტიკაში და საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების მხრივ.

სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა უფლებები არ არის ბოლომდე დაცული. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. არსებობს სოციალური თუ კულტურული ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორიცაა ძალადობა ოჯახის მხრიდან, ადრეული ქორწინება და სხვა. რეფორმერის ხედვით, ამ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების რეფორმის ჩატარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

"ფორუმზე გამომსვლელმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს აქამდე გაცხადებული პოზიციები ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია გატარდეს განათლების რეფორმა, შეიქმნას ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემო, რაც განსაზღვრავს ქალის რეალურ დამკვიდრებას და რეალიზებას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში და არა კანონების მიღება. აუცილებელია ძირეული ცვლილებები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მეტი ქალის ჩართულობა და გააქტიურება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე", — აცხადებს რეფორმერის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე.


წყარო: https://on.ge
ტეგები: